საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშია ამერიკული „სან ხოსე“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ამის შესახებ 33 წლის ფეხბურთელმა საკუთარ Instagram-გვერდზე დაწერა.
„მადლობა სან ხოსეს. ბევრი მშვენიერი მოგონება მაქვს და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მიღებისთვის. ეს იყო საოცარი მოგზაურობა და ბევრ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი. მომენატრებით და წარმატებებს გისურვებთ მომავალში“, – წერს კაშია.
საგულისხმოა, რომ გურამ კაშიასთან ერთად ამერიკული კლუბი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ვაკო ყაზაიშვილმაც დატოვა.
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი „სან ხოსეში“ 2018 წელს გადავიდა და კლუბის შემადგენლობაში 45 შეხვედრა ჩაატარა. სად გააგრძელებს კაშია კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.





