კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოსთვის“ შინაური კაცია. უფრო მეტიც, „ტორპედო“ მისთვის მშობლიური გუნდია და სწორედ ჩხეტიანის სახელს უკავშირდება ქუთათურთა ის ზეობა, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში „ტორპედოს“ ჰქონდა. ვგულისხმობთ ეროვნულ ჩემპიონატზე ტრიუმფს და ევროთასებზეც მეტ-ნაკლებად დამაჯერებელ ასპარეზობას, როდესაც „ტორპედო“ ევროპა ლიგის პლეიოფში გავიდა და ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
შემდეგ კახა ჩხეტიანმა თბილისის „დინამო“ ჩაიბარა. „ტორპედოს“ ქომაგები ამის გამო ძალიან განაწყენდნენ და ბევრმა შესაძლოა ეს ნაბიჯი ღალატადაც ჩაუთვალა. ქართული ფეხბურთის ფლაგმანში ჩხეტიანმა დიდხანს ვერ დაჰყო. მან „დინამოში“ სულ რამდენიმე თვე იმუშავა და თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანასთან“ თბილისში 0:2 დამარცხდა.
კახა ჩხეტიანი მას შემდეგ საქმეში აღარ გვინახავს. სულ მალე კი ის შესაძლოა მწვრთნელის სავარძელში ისევ ვიხილოთ. ამბობენ, კვლავ ქუთაისის „ტორპედოშიო“.
არახალი ამბავია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ინფორმაცია, ჩხეტიანის ქუთაისურ კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით მალევე გავრცელდა. გამოცდილი სპეციალისტი „ბათუმის“ და „ტორპედოს“ შორის ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩსაც დაესწრო, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.
მოკლედ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. მოარული ხმების თანახმად „ტორპედოს“ თავკაცად ჩხეტიანის კანდიდატურა აქტიურად განიხილება.
ვნახოთ, შევა თუ არა „ტორპედოს“ ყოფილი დამრიგებელი ერთ მდინარეში მეორედ.





