20 წლის ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ერიკ გარსია სამშობლოში ბრუნდება. მომავალი სეზონიდან ის „ბარსელონაში“ ითამაშებს. ამ ინფორმაციას საქვეყნოდ ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რომელიც სიტყვებს ჰაერზე არასოდეს ისვრის და მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდება.
„მანჩესტერ სიტის“ მცველი, კატალონიური გრანდის ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ტრანსფერიც ზაფხულში გაოფიციალურდება.
ამრიგად, „ბარსელონამ“ მცველის პრობლემა გადაჭრა. ერიკ გარსია მათი საკუთრებაა, ახლა კი ფორვარდის საკითხზე, კერძოდ კი კიდევ ერთი „მანჩესტერ სიტელის“ სერხიო აგუეროს საკითხზე გადაერთო.
თავად არგენტინელ შემტევს ძალიან სურს თანამემამულესთან – ლიონელ მესისთან მხარდამხარ ბურთის გორება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.





