ახლა წარმოუდგენლად გვეჩვენება თანამედროვე ჩოგბურთი ვთქვათ რაფაელ ნადალის ან ენდი მარის გარეშე, თუმცა თავის დროზე ორივეს არჩევანის გაკეთება მოუხდათ.
ვფიქრობთ, არა მხოლოდ ჩოგბურთის, ზოგადად სპორტის მოყვარულებმა ესპანელ და შოტლანდიელ მეჩოგნეებს მადლობა უნდა უთხრა იმისთის, რომ გარდატეხის ასაკში უპირატესობა კორტს და პატარა ყვითელ ბურთს მიანიჭეს, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა, რომ 21-ე საუკუნის სამეფო სპორტი ისეთი არ იქნებოდა, როგორც ახლა გვაქვს ხელის გულზე. მათ შთამბეჭდავი ეპოქა შემქნეს.
ისე, არავინ იცის რა მოხდებოდა მათ რომ არჩევანი მსოფლიოს ნომერ პირველი სახეობის – ფეხბურთის სასარგებლოდ გაეკეთებინათ. მათ შრომისმოყვარეობას და ნიჭიერებას თუ გავითვალისწინებთ, სულაც არ გაგვიკვირდებოდა, რომ მწვანე გაზონზეც დიდი წარმატებისთვის მიეღწიათ.
რაფაელ ნადალის შემთხვევაში დამალული არ ყოფილა, რომ ის 12 წლამდე ჩოგბურთსაც თამაშობდა და პარალელურად მალიორკის საფეხბურთო სექციაში დადიოდა. აი, ენდი მარის შემთხვევაში კი ალბათ ნამდვილი სიურპრიზია.
„ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ენდი 14 წლის ასაკში დილემის წინაშე იდგა. ისე, ჩემი მეორე ვაჟიც სხვა სპორტით იყო გატაცებული. ჩოგბურთი მათი ცხოვრების მთავარი ნაწილი გარდატეხის ასაკის შემდეგ გახდა. ჯეიმი გოლფს მისდევდა, ენდის შემთხვევაში კი რამდენიმე უძილო ღამე და სერიოზული მსჯელობა დაგვჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ის იმდენად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რომ 14 წლის ასაკში გლაზგო რეინჯერსის ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს. იქიდან კი ვინ იცის, რა და როგორ მოხდებოდა“ – ამბობს ენდი მარის დედა ჯუდი მარი.








