საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე საწყისი შეხვედრა მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერთან, ბრიტანელ ენდი მარისთან გამართა და 5-რაუნდიან ბრძოლაში – 1:6, 6:3, 4:6, 7:6, 4:6 დამარცხდა. შესაბამისად, ნიკა ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელისთვის შეხვედრა მძიმედ დაიწყო. მეტოქემ პირველივე სეტში დიდი უპირატესობით გაქვევა შეძლო და საბოლოოდ 6:1 მოიგო, თუმცა მეორე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა საკუთარი თავის რეაბილიტაცია შეძლო და დამაჯერებელი თამაშით 5 გეიმიდან 4 მოიგო. კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება ნიკას არ გასჭირვებია და სეტში 6:3 გაიმარჯვა.
მესამე სეტი კვლავ ბრიტანელი ჩოგბურთელის კარნახით წარიმართა, რასაც ნიკას რამდენიმე შეცდომაც დაემატა და სეტი საბოლოოდ ბრიტანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა – 6:4.
გულშემატკივარმა ნამდვილი თრილერი მეოთხე სეტში იხილა, რომლის წაგების უფლებაც ქართველ ჩოგბურთელს ფაქტობრივად აღარ ჰქონდა. მეოთხე პარტიაში ჩოგბურთელებმა ერთმანეთს ტოლსწორი წინააღმდეგობა გაუწიეს და გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც ნიკამ 7:5 მოიგო.
SIR. ANDY. MURRAY. 🔥
He outlasts Basilashvili 6-1, 3-6, 6-4, 6-7(5), 6-4 to qualify for R2 at the #AusOpen.
🎥: @AustralianOpen | #AO2022 pic.twitter.com/fyqeVK5U4B
— ATP Tour (@atptour) January 18, 2022
სამწუხაროდ, მეხუთე და გადამწყვეტ სეტში ნიკამ უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. პირიქით, ენდი მარი ამ პარტიაში 4:1 დაწინაურდა და ყველას ეგონა, რომ შეხვედრას გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანდა, თუმცა ნიკამ თამაშში დაბრუნება შეძლო და ანგარიშიც გაათანაბრა. ერთ-ერთ გადამწყვეტ ეპიზოდში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება დათმო, რამაც მის მარცხში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საბოლოოდ, ენდი მარიმ გადამწყვეტი სეტი 6:4 მოიგო, რაც ავტომატურად მთლიანი შეხვედრის მოგებასაც ნიშნავდა.