წლის მეორე დიდი სლემის ტურნირზე ანუ როლან გაროსზე, საქართველოს წარმომადგენელი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებშიც ეყოლება. ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძეც იასპარეზებს.
გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპის 3 ბარიერი წარმატებით გადალახა და პირველად კარიერაში მეიჯორის ელიტაში შეაბიჯა. ქართველმა ჩოგბურთელმა მექსიკელ, ბულგარელ და ესპანელ მეტოქეებს დამაჯერებლად სძლია.
პრაიმსპორტი ეკატერინე გორგოძეს პარიზში შეეხმიანა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
-დაუჯერებელი განცდა. როდესაც კვალიფიკაციის ფინალში მეტოქემ ბურთი აუტში გაუშვა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ისე ბოლო გეიმში ძალიან დავიძაბე, რადგან ასე ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.
-მატჩის შემდეგ, შენი ემოციები და ის სიხარულის ცრემლები ვანხეთ. რამდენად ელოდი და ფიქრიობდი რომ ამას მიაღწევდი?
-ვამაყობ იმით რაც გავაკეთა. სამივე მატჩი ისე ვითამაშე ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ წავაგებდი. ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო და დიდი სლემის ძირითად ბადეში მეასპარეზა. თავდაუზოგავი შრომის და ბოლომდე ბრძოლის შემდეგ ამას მივაღწიე.

– საკვალიფიკაციო მატჩებში ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა?
-თამაშის მხრივ მექსიკელ ზარაზუასთან პირველი დაპირისპირება ძალიან რთული იყო, მაგრამ იქ ასევე წვიმამ შემიშალა ხელი. ემოციურობის თვალსაზრისით ბულგარელ კოსტოვასთან თამაში. ყველაზე რთული გადასალახი ჩემთვის ეს ბარიერი იყო.
– დიდი სლემის ძირითად ბადეში პირველად ხარ. რა მოლოდინები გაქვს ?
– საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებულმა გამარჯვებებმა მეტი თავდაჯერება და თვითრწმენა შემძინა. მოლოდინიც მეტი მაქვს, თუმცა უბრალოდ მინდა კორტზე გავიდე, მაქსიმუმი ვაჩვენო და ძირითად ბადეში თამაშით ვისიამოვნო.
-როლან გაროსის შემდეგ უიმბლდონზე მონაწილეობას თუ აპირებ და როგორია შენი ზოგადი სამომავლო გეგმები?
-დიახ, უიმბლონდზე თამაშს ვაპირებ. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, ჯერ არ გადამიწყვეტია როლან გაროსის შემდეგ ბალახზე გადავალ თუ მცირე ხნით ისევ თიხაზე დავრჩები.
ბალახის საფარს კარგად არ ვიცნობ და უიმბლდონამდე ერთ ან ორ ტურნირზე თამაში ცუდი არ იქნებოდა.
-დაბოლოს, პანდემიის მხრივ პარიზში რა მდგომარეობაში ხართ? რა რეგულაციები მოქმედებს ჩოგბურთელებისთვის?
-თავისთავად ყველაფერი მკაცრად კონტროლდება, თუმცა ისე არა როგორც მელბურნში იყო და ჩოგბურთელები ოთახებში გამოკეტეს.
პარიზში გარეთ გასვლის უფლება გვაქვს, თუმცა მხოლოდ დღეში ერთი საათით ფიზიკური აქტივობისთვის.





