იტალიის ნაკრების გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას ბედი ისევ გაურკვეველია. უფრო სწორად, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის მისი მომავალი საფეხბურთო კლუბ „მილანთან“, თორემ დონარუმა რომ არ დაიკარგება და ნებისმიერი ევროპული გრანდი ისურვებდა მის გადაბირებას ეჭვი არავის ეპარება.
„როსონერის“ და იტალიელი მეკარის აგენტის მინო რაიოლად მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. დონარუმას ნდობით აღჭურვილი აგენტი, გუნდს 3 პირობას უყენებს, რომელთაგან ჯერ არცერთი დაკმაყოფილებულა. მხარეები თავიანთ პოზიციას ფეხს არ უცვლიან. თუ „მილანმა“ საქმე სათავისოდ დროულად არ მოაკვარახჭინა, დონარუმა 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და იგი სხვა გუნდში ისე გადავა, „როსონერი“ მის სანაცვლოდ ცენტსაც ვერ მიიღებს.
კერძოდ, პირველი მოთხოვნა ხელფასის საკითხია. ჯანლუიჯი დონარუმა წლიურად 10 მილიონ ევროს ითხოვს, მილანი კი 7 მილიონზეა თანახმა.
მეორე და მნიშვნელოვანი დეტალი მეკარის სატრანსფერო ფასზე ჩამოყალიბებაა. „მილანს“ სურს გაყიდვის შემთხვევაში დონარუმას 40 მილიონ ევროდ შეელიოს, მინო რაიოლა კი 30 მილიონს ითხოვს.
დაბოლოს. მხარეები ასევე ვერ თანხმდებიან სამომავლო კონტრაქტის ხანგრძლივობაზეც. „მილანის“ გეგმებში დონარუმას კიდევ მინიმუმ 4 წლით დატოვება შედის, მეკარე და მისი აგენტი კი ამ მხრივაც ყოყმანობენ.








