2020 წელი, მიუხედავად უამრავი სირთულისა და გამოწვევისა, დომინიკ ტიმისთვის შეიძლება ითქვა, რომ კარგი გამოდგა და ყოველთვის ტკბილად გაახსენდება. მიზეზი? ავსტრიელმა ჩოგბურთელმა, როგორც იქნა 25 წლის ასაკში დიდი სლემის ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, ტიმმა ამერიკის ღია პირველობაზე იჩემპიონა, სადაც ფინალში ალექსანდრე ზვერევს აჯობა.
2021 წელი კი დომინიკ ტიმისთვის სასიამოვნოდ დაიწყო. ავსტრიელი მეჩოგნის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. უფრო სწორად – ახლა ოფიციალურად გაასაჯაროვეს, თორემ არა გვგონია, მათი ურთიერთობა 1 იანვარს დაწყებულიყო და ერთ კვირაში საზოგადოებისთვის ეცნობებინათ, რომ ერთმანეთზე ყურებამდე არიან შეყვარებულნი.

მოკლედ, დომინიკ ტიმმა ცირკის ქალი შეიყვარა. 22 წლის ლილი-პოლ რონკალი გერმანიის მთავარი ცირკის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. ვერ გეტყვით, მათ ერთმანეთი სად გაიცნეს, შესაძლოა დომინიკ ტიმი მოცალეობის ჟამს სულაც ცირკში იმყოფებოდა და იქ მოინუსხა ლილით, მაგრამ ფაქტია, რომ პოპულარული ჩოგბურთელის და გერმანელი ცირკის მსახიობის მიჯნურობის ამბავი სააშკარაოზე გამოვიდა.

რაც შეეხება, დომინიკ ტიმის ძველ სიყვარულს, ავსტრიელი ჩოგბურთელი 2017-2019 წლებში თავის ფრანგ კოლეგას კირსტენ მლადენოვიჩს ჰყვარობდა.





