24 მარტს, ოკეანისგაღმა, კერძოდ კი მაიამიში მასტერსის სერიის ტურნირი იწყება, რომელიც 1000-იანთა კატეგორიას განეკუთვნება.
მაიამის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერია, რომელმაც ეს ჯილდო 2019 წელს მოიგო. ფინალში შვეიცარიელმა ლეგენდამ ჯონ ისნერი დაამარცხა. შარშან ტურნირი აღარ გამართულა. მიზეზი საქვეყნოდ ცნობილია – პანდემია.
წლეულს კი მაიამის მასტერსი იძულებითი პაუზის შემდეგ სამეფო სპორტის გულშემატკივრებს ისევ უბრუნდება, თუმცა გარკვეული დანაკლისით. გაირკვა, რომ მაიამიში მონაწილეობაზე უარი თქვა რაფაელ ნადალმა.
„სამწუხაროდ, მაიამიში ვერ ვითამაშებ. ეს ტურნირი და იქაური ატმოსფერო ძალიან მიყვარს, თუმცა წელს იქ ვერ ვიქნები. ევროპული ტურნირებისთვის უკეთ უნდა მოვემზადო, რისთვისაც კონდიციაების აღდგენა მჭირდება.
ცალკე მინდა მივმართო ჩემს ქომაგებს აშშ-ში. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. შევხვდებით გრუნტის სეზონზე“ – აღნიშნავს ესპანელი მატადორი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
რაფაელ ნადალს მიბაძა დომინიკ ტიმმა. ავსტრიელი ჩოგბურთელიც მაიამიში მონაწილეობაზე უარს ამბობს. მათ გარდა აღნიშნულ მასტერსზე არ იქნებიან ნიკ კირიოსი, პაბლო კუევასი, რიშარ გასკე და პაბლო ანდუხარი.








