რაფაელ ნადალმა სეზონის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა. 35 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა, რომელსაც ტერფის ტრავმა აქვს და ამის გამო “როლან გაროსის” შემდეგ არ უთამაშია, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი მისთვის დასრულებულია.
“სამწუხაროდ, იძულებული ვარ, 2021 წლის სეზონი დავასრულო. სიმართლე გითხრათ, ფეხი უკვე წელიწადია მტკივა და დრო მჭირდება პრობლემის დასაძლევად. გუნდისა და ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ვფიქრობ, ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგომისთვის ასე ჯობდა.
წელს ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირები გამოვტოვე, როგორიც უიმბლდონი, ოლიმპიადა, აშშ-ის ღია პირველობა და სხვებია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ წლის განმავლობაში არ მქონდა ვარჯიშის, მზადებისა და თამაშის საშუალება ისე, როგორც ეს მართლა მომწონს, მივედი დასკვნამდე, რომ აღდგენისთვის დრო მჭირდება.
სეზონის ისე ვერ ჩავატარე, როგორც მინდოდა და პრობლემის გადასაჭრელად და კარიერის გასაგრძელებლად საჭიროა სხვა ტიპის მკურნალობა. ყველაფერს ვაკეთებ, რათა საუკეთესო ფორმა აღვიდგინო, გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რაც მოტივაციას მართლა მაძლევს. დარწმუნებული ვარ, ტერფის მკურნალობის შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის”, – წერს ნადალი სოციალურ ქსელში.








