ჯერ მონტე-კარლოს მასტერსზე, შემდეგ კი ბარსელონას უპრესტიჟულეს ტურნირზე ბენუა პერის უდისციპლინობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და არაერთი ჩოგბურთელი თუ რიგითი გულშემატკივარი აღაშფოთა.
ერთ-ერთი ასეთი კი მსოფლიოს რეიტინგის მეოთხე ნომერი დომინიკ ტიმი გახლავთ. ავსტრიელი ჩოგბურთელი პერის ქმედებით გაოცებულია და საკმაოდ მძაფრი რეაქციაც აქვს.
„რა უნდა ვუწოდოთ პერის საქციელს? აქ მარტო დისციპლინის პრობლემა არ არის. ეს საჩოგბურთო სამყაროს დიდი უპატივცემულობაა.
თუ არ გსურს თამაში, მაშინ დარჩი სახლში. არავინ გაძალებს კორტზე გასვლას. მე გარკვეული ხნით შვებულება ავიღე და 3-4 ტურნირი გამოვტოვე, რათა კარგად დამესვენა და ორმაგი მოტივაციით დავბრუნებულიყავი. ბენუასაც იგივეს ვურჩევ. თუ ჩოგბურთით დაიღალა, შვებულება აიღოს“ – ამბობს დომინიკ ტიმი.
ავსტრიელი ჩოგბურთელი თითქმის ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, კორტს მადრიდის მასტერსზე დაუბრუნდება.





