მიუნხენში ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე მადრიდშია და იქაურ მასტერის გათამაშებაში დღეს ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ წრეში ფრანგი ბენუა პერი იქნება.
არახალი ამბავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კორტს მიღმა დიდი პრობლემები აქვს. მას ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს და საქმეც სასამართლო განხილვაშია. ბასილაშვილს, სასამართლო განჩინების საფუძველზე ამ ეტაპზე შვილთან – ლუკასთან ურთიერთობაც ეკრძალება.
„ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო გილოცავ“ – ასე ეხმაურება ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ ოფიციალურ ფეისბურ გვერდზე შვილის დაბადების დღეს.
როგორც თავში ავღნიშნეთ, დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის სასტარტო მატჩში ბენუა პერის დაუპირისპირდება. შვილის დაბადების დღეზე საკუთარ თავს და ლუკასაც გამარჯვებაზე უკეთეს საჩუქარს ალბათ ვერაფერს მიუძღვნის.








