ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძლის რანგში თბილისის „ლოკომოტივი“ იყო. გია ჭიაბრიშვილის გუნდი „დინამოს“ დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ალბათ ძნელი სავარაუდო იყო, რომ მეორე 45 წუთში გულშემატკივარი 4 გატანილ გოლს იხილავდა.
საგულისხმოა, რომ ოთხივე გოლი ბოლო 15 წუთში გავიდა. დინამოელები 74-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა დააწინაურა. 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელისთვის ეს ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გახლდათ. მოგვიანებით კი ზორან მარუშიჩის ჯერიც დადგა. „დინამოს“ სერბმა ლეგიონერმა ორ წუთიან ინტერვალში მეტოქეს დუბლი შეუსრულა და ყველაფერიც აქ დასრულდა.
„ლოკომოტივმა“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და ეს გურამ კაშიამ გააკეთა. საქართველოს ნაკრების გამოცდილი მცველის აქტივში ეროვნულ ლიგაში უკვე 3 გოლია.
გიორგი ნემსაძის შეგირდებმა აიწყვიტეს და ვეღარ აჩერებენ. „დინამომ“ უკვე ზედიზემ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით სატურნირო ცხრილსაც დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო ტურში დინამო 25 აპრილს სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ ეთამაშება. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, რკინიგზელები შინ „საბურთალოს“ მიიღებენ.





