ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა საკუთარი ისტორია კიდევ უფრო გაიმდიდრა. თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეთვრამეტედ გახდა.
კაცმა რომ თქვას, ეს მოულოდნელი ამბავი ნამდვილად არ ყოფილა. ბოლო ტურის წინ, ინტრიგა მხოლოდ ფორმალურად იყო შენარჩუნებული, თორემ სასწაული უნდა მომხდარიყო ჩისკოს გუნდს ტიტული ხელიდან გაეშვა.
რა თქმა უნდა, ფეხბურთში სასწაულებიც ხდება და არცთუ ისე იშვიათად, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ბათუმის „დინამოს“ ყველაზე ოპტიმისტ ქომაგსაც რომ იმედი დაკარგული ჰქონდა. ბათუმის გულშემატკივარი კი შემთხვევით არ გვიხსენებია. სწორედ, ზღვისპირელები ედგნენ კვალში თბილისელებს და ბოლო ტურის წინ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ „დინამოს“ შინ „მერანთან“ უნდა წაეგო, ბათუმს კი „ჩიხურასთვის“ ეჯობნა. საბოლოოდ, კი მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბათუმმა ფრე (0:0) ითამაშა, დინამომ კი მოლოდინისამებრ მარტივად – 3:0 მოიგო. ერთი გოლი ქავთარაძემ გაიტანა, ხოლო დუბლი გაბედავამ მიითვალა.
მოკლედ, თბილისის „დინამომ“, ევროთასებზე ნაჭამი სირცხვილი ნაწილობრივ ქვეყნის ჩემპიონობით გამოსყიდა.