ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ბათუმში გია გეგუჩაძის გუნდმა “დინამო თბილისს” უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
პირველი ტაიმი სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა და “დინამო თბილისი” დაწინაურდა. მარცხენა ფლანგიდან ლევან ხარაბაძის ჩაწოდების შემდეგ ოსეი ბარნსიმ ლაზარე კუპატაძეს ახლო მანძილიდან გაუტანა. “დინამო თბილისმა” კინაღამ მეორე გოლიც გაიტანა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ზორან მარუშიჩი კუპატაძესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბათუმელები მეკარემ გადაარჩინა.
38-ე წუთზე ბათუმის “დინამომ” შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან ჯაბა ჯიღაურმა ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
მე-2 ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა გუნდებმა სახიფათო მომენტები ვერ შექმნეს. ყველაზე გამოსარჩევი მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი აზაროვის შორეული დარტყმა იყო, რომელიც კარს ასცდა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
“დინამო ბათუმს” 64 ქულა აქვს, “დინამო თბილისს” კი 57. მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 24 ოქტომბერს, სტუმრად “სამტრედიას” შეხვდება, კახა ცხადაძის შეგირდები კი გასვლაზე “საბურთალოს” დაუპირისპირდებიან.





