ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგა. თამაშამდე, სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს“ დახვდა და დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა და ორმხრივი შეტევებით წარიმართა. პირველ ნახევარში თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი ბათუმელი მცველების შეცდომით გავიდა. გაგი მარგველაშვილის მიუტევებელი შეცდომით, ზორან მარუშიჩმა ისარგებლა და თბილისური კლუბი დააწინაურა. კახა ცხადაძის გუნდმა ტაიმი 1:0 მოიგო.
მეორე ნახევრიდან სათამაშო უპირატესობას ბათუმის „დინამო“ დაეუფლა. გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობეს და საბოლოოდ თამაშის „დატრიალება“ მოახერხეს. წონასწორობა 78-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა შორეული გასროლით აღადგინა და საკმაოდ ეფექტური გოლიც გამოუვიდა. გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე ჯოვინიო ფლამარიონმა გაიტანა, რომელმაც გიორგი ნავალოვსკის გადაცემა შესანიშნავად გამოიყენა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნება უმნიშვნელოვანესი გოლით აღნიშნა.
ამრიგად, სატურნირო ცხრილში თბილისური კლუბის ლიდერობა დროებითი აღმოჩნდა. ბათუმელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ დაწინაურდნენ. 21 ტურისთვის გია გეგუჩაძის გუნდს 43 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, თბილისის „დინამო“ კი 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
ორივე გუნდს შემდეგი შეხვედრა უკვე ევროტურნირის ეგიდით ელის. თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო არენაზე“ აზერბაიჯანულ „ნეფთჩის“ მიიღებს, ბათუმის „დინამო“ კი სტუმრად, სან მარინოს „ტრე პენეს“ შეხვდება.





