მარტის სანაკრებოს მატჩების შემდეგ, პოპულარული უცხოური გამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიაა. უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
ამჯერად, ხვიჩას სტატია Yahoo Sports-ის იტალიურმა გამოცემამ მიუძღვნა, სადაც ხაზგასმულია, რომ კვარაცხელიას სახით საფეხბურთო სამყაროს ახალი ლეროი სანე ეზრდება.
„მილანი საინტერესო ტრანსფერს უმიზნებს. „როსონერი“ ახალი ლეროი სანეს კვალზე დგას, თუმცა ამ ბრძოლაში მარტო არ არის. 20 წლის ქართველი შემტევი იუვენტუსის, ბაიერნის და სხვა გრანდების სამიზნეც არის.
ხვიჩა კვარაცხელია – ყველამ დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი. დიახ, მისი გვარის დაწერა, მითუმეტეს წარმოთქმა ძალიან რთულია, მაგრამ მის უკან ევროპული ფეხბურთის მომავალი ტალანტი იმალება.
21-ე საუკუნეში დაბადებული ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ლამაზი და სწრაფი დრიბლინგები გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს. რაც მთავარია ის ორივე ფეხს ერთნაირად კარგად ხმარობს.
კვარაცხელია ამჟამად რუბინში თამაშობს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ სეზონის ბოლოს რუსეთს დატოვებს და რომელიმე ევროპულ გრანდს მიაშურებს. უეფამ ის 2019-20 წლების სეზონის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშეთა შორის დაასახელა და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კვარაცხელიაზე არაერთ ევროულ გრანდს – მათ შორის იუვენტუსს, მილანს და ბაიერნს აქვთ თვალი დადგმული“ – ნათქვამია Yahoo Sports-ის მასალაში.





