დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გაჟღერდა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს ქართველი გულშემატკივრები დაესწრებიან.
ცოტა ხნის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განმარტება გააკეთა და დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა.
„ძალიან სასიხარულოა გულშემატკივრების ტრიბუნაზე დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, უეფას რეგულაციებით დასწრების რაოდენობა 30%-მდე არის შეზღუდული. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ეს კვოტა მაქსიმალურად იქნება ათვისებული და დაახლოებით 15 500 გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება დინამო არენაზე უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს. ჩვენ უკვე გვქონდა უეფასთან კომუნიკაცია და ისინი ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულნი არიან. პირველადი მონახაზი თამაშის ორგანიზების კუთხით გავიარეთ, შესაბამის სტრუქტურებთან ხვალ კიდევ გვაქვს შეხვედრა. საბოლოოდ, ყველა რეგულაცია ორშაბათისთვის ცნობილი იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის, რომელსაც განვათავსებთ ჩვენს ვებ-გვერდზე და მოვაყოლებთ ვიდეოინსტრუქციასაც, იმისთვის რომ ყველამ ერთად შევძლოთ დავიცვათ ის რეგულაციები.
თამაშის მიმდინარეობისაც ვეცდებით, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც საზოგადოებრივ თავშეყრას უკავშირება, ვგულისხმობ სწრაფი კვების დახლებს, მაქსიმალურად იქნება შეზღუდული. ვაცნობიერებთ იმას, რომ მინიმუმ სასმელი წყალი სჭირდება გულშემატკივარს და შევეცდებით უეფასთან და შესაბამის სტრუქტურებთან შევათანხმოთ როგორ მოხდეს სასმელი წყლის გაყიდვა“, – განაცხადა მუჯირმა.
სფფ-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს კომენდანტის საათის პერიოდში გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.
„უეფას რეკომენდაციით, ბილეთების გაყიდვა მოხდება ონლაინ-რეჟიმში. გაყიდვა მოხდება პირადი ნომრით და ყველა ის ადამიანი, რომელიც ბილეთს შეიძენს, ავტომატურად იქნება პირადი ნომრით რეგისტრირებული ბაზაში და 12 საათამდე მას გადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნება“, – აღნიშნა დავით მუჯირმა.
მისივე თქმით, თუ ერთი ადამიანი რამდენიმე ბილეთის ყიდვას გადაწყვეტს, ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური პირადი ნომერი უნდა მიუთითოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამ მატჩს გამართავს. 25 მარტს ქართველი ფეხბურთელები შვედეთის ნაკრებს ესტუმრებიან, 28 მარტს „დინამო არენაზე“ ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან, 31 მარტს კი სტუმრად საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.








