ხვალ, 22 ივლისს კონფერენცლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბათუმის “დინამო” “ბატეს” უმასპინძლებს. მატჩის წინ აჭარული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა:
“ბატე ახლაც კარგი გუნდია. შანსებზე ადრე ვისაუბრე და აზრი არ შემიცვლია: მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. ლუკას გროცურეკს კორონავირუსი აქვს და განაცხადში არ იქნება, სხვა ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან.”
იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თამაშით და ჩვენი ფეხბურთით, რასაც ვგეგმავთ, მოვახერხებთ და, მეტოქეს თამაშს მოვახვევთ. ეს წარმატების წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, ყოველთვის გინდა, რომ ინიციატივას ფლობდე, შენ კარნახობდე თამაშს მოწინააღმდეგეს, თუმცა ეს ადვილი არ არის. ყველაფერთან ერთად, საქმე ძალიან გამოცდილ გუნდთან გვაქვს. ამდენად, ეს იოლი არ იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჯერ არ მქონია საბაბი, რომ ჩვენს თამაშში რაიმე კორექტივები შემეტანა. შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.”-განაცხადა გეგუჩაძემ
შეგახსნებთ, რომ მატჩი ხვალ 21:00-ზე ბათუმი არენაზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.





