პორტუგალიაში გამართულ 23-წლამდე კანოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ ქერდიკაშვილმა საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანა.
22 წლის სპორტსმენმა 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. მარიამს პირველ ადგილამდე სულ რაღაც 0,14 წამის მეასედი დააკლდა, თუმცა ერთპიროვნულად, მისი მიღწევა აუცილებლად წარმატებულად უნდა შეფასდეს.
„პრაიმ სპორტი“ ახალგაზრდა სპორტსმენს პორტუგალიაში დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
– რა შეგრძნებაა იყო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი? წარმოიდგენდი ტურნირის დაწყებამდე ასეთ შედეგს რომ მიაღწევდი?
– ასე შეგრძნების გადმოცემა რთულია, მაგრამ ძალიან გახარებული ვიყავი. დიახ, წარმოვიდგენდი და უფრო მეტსაც ველოდი, რადგან ამისთვის ბევრი ვივარჯიშე და ტურნირს კარგად მომზადებული შევხვდი. სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დამაკლდა.
– შემართება/მოტივაცია როგორი იყო?
– შემართება იყო ძალიან კარგი და მაგარი. ვიცოდი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და ეს წარმატების მიღწევაში ძალიან დამეხამარა.
– რა დგას ამ წარმატების უკან?
– ძალიან დიდი შრომა. ასე, ამის გადმოცემა რთულია, რადგანაც მთელი წელი შეკრებებზე გვიწევს ყოფნა და სახლიდანაც შორს ვართ, მაგრამ თუ შედეგის მიღწევა გვინდა, ასე არის საჭირო.
– რა ასაკიდან დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით და რატომ კანოე?
– პირველად 14 წლის ვიყავი, როდესაც საფრანგეთში შეჯიბრზე წავედი და ამ შეჯიბრის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სპორტში უნდა გამეგრძელებინა ვარჯიში.
– პირველ დასამახსოვრებელ წარმატებას როდის მიაღწიე?
– პირველი წარმატება მქონდა ევროპის ჩემიპონატზე იტალიაში, სადაც 500-მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი დავიკავე.
– რა არის საჭირო კანოეში თავის დასამკვიდრებლად?
– აუცილებელია ბევრი შრომა, თავდაუზოგავი ვარჯიში და შენი საქმის სიყვარული.
– საქართველოში რა ეტაპზეა სპორტის ეს სახეობა, როგორ ვითარდება და რა არის მიზანი?
– საქართველოში ეს სახეობა ნაკლებად პოპულარულია, რადგან არ გვაქვს შესაბამისი პირობები, რომ ბევრი ბავშვი მივიღოთ ბაზაზე.
– ვის გამოარჩევდი ქართველებიდან და რატომ?
– ზაზა ნადირაძეს, რადგან ამ ადამიანმა ჩვენი სპორტის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა. ის ჩვენთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანია.
– როგორ ფიქრობ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რა შანსები გვექნება სპორტის ამ სახეობაში?
– ვფიქრობ, პარიზის 2024 ოლიმპიადისთვის ძალიან დიდი შანსები გვაქვს ჯერ ლიცენზიის მოპოვების და შემდეგ უკვე ღირსეული ასპარეზობისთვის. ძალიან კარგი თაობა მოდის და ვიმედოვნებ, რომ სპორტის ამ სახეობაში ბევრ დასამასხსოვრებელ წარმატებას მივაღწევთ.
– რა არის შენი მიზანი/ოცნება?
– ჩემი ოცნებაც და მიზანიც ოლიმპიური ჩემპიონობაა.








