მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაცია რომ მიმდინარეობს არახალი ამბავია. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს პროცედურა დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატებია. თითქოს გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა, დანარჩენს კი მომავალი გამოაჩენს.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით კატეგორიული განცხადება გააკეთა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ ჩარლზ ბარკლიმ, რომელიც ახლა TNT-ში ჟურნალისტად მუშაობს და საკალათბურთო გადაცემის წამყვანია. ახლო წარსულში NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში სპორტსმენები პრივილეგირებულნი უნდა იყვნენ და მათ პირველებს უნდა გაუკეთონ, რადგან ისინი ქვეყნის ბიუჯეტში სოლიდურ გადასახადებს იხდიან.
ჩარლზ ბარკლის ამ მოსაზრებამ საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის იყო კევინ დურანტიც. საბოლოოდ ჩარლზ ბარკლის მობოდიშება მოუხდა.
„სულელურად გამომივიდა. ჩემს სიტყვებში ისე ჩანდა, რომ თითქოს სპორტსმენები სხვებზე საჭირო ხალხია. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი თანასწორია. ბოდიშს ვიხდი“ – აღნიშნა ჩარლზ ბარკლიმ.





