მარტის დასაწყისში დოჰაში პლიაჟის ფრენბურთში მსოფლიო ტურის გათამაშება უნდა გაიმართოს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ ცნობილი გერმანელი სპორტსმენები – კარლა ბორგერი და იულია სუდე.
გერმანელი პლიაჟის ფრენბურთელები იმ აკრძალვებს აპროტესტებენ, რაც სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელ მანდილოსნებს ყატარში დაუწესეს. კერძოდ, გოგონებს ქვიშაში ფრენბურთის ბიკინების თამაშის ნება არ დართეს. მიზეზის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს. ყატარი მუსლიმანური ქვეყანაა, იქ კი მანდილოსნებს ასე თამამად ტან-ფეხის მოშიშვლების საშუალებას არავინ მისცემს.
„ჩვენ გვსურდა და დიდი მონდომებითაც ვემზადებოდით დოჰას ტურნირისთვის, მაგრამ სპორტული, იგივე სამუშაო ფორმის ჩაცმის საშუალებას არ გვაძლევენ. 30-40 გრადუსიანი სიცხის ქვეშ გვიწევს ასპარეზობა და ამიტომაც ბიკინებით თამაშს შევეჩვიეთ. ყატარი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გვკარნახობს შეჯიბრში მონაწილეობა როგორ უნდა მივიღოთ და თამაშის დროს რა გვეცვას. ამას კი კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და გადავწყვიტეთ იქ პროტესტის ნიშნად არ ჩავიდეთ. რა თქმა უნდა, ვიღაცეები ტურნირში მაინც ითამაშებენ, რადგან მათ ტოკიოს ლიცენზიების მოსაპოვებლად ქულები ესაჭიროებათ“ – ამბობენ გერმანელი პლიაჟის ფრენბურთელები.








