საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი იტალიური გრანდების ინტერესში მოექცა. ხვიჩა კვარაცხელიას ტურინის „იუვენტუსი“ და „მილანი“ აკვირდებიან. ინფორმაცია 1TV.GE-ს 19 წლის ფეხბურთლის მენეჯერმა დაუდასტურა.
„დეკემბერში დამიკავშირდა იტალიელი პარტნიორი და მითხრა, რომ ხვიჩას გრანდები, „მილანი“ და „იუვენტუსი“ აკვირდებიან, რომ მის კლუბთან, ყაზანის „რუბინთან“ დაკავშირება და მოლაპარაკება სურთ, საამისოდ კი აუცილებელია, რომ კლუბს ავტორიზებული მენეჯერი ჰყავდეს. მეტს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მათ ინტერესი გააჩნიათ. მთავარია, ყაზანური კლუბი რა პოზიციას დაიკავებს“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.
კვარაცხელიას მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩას გადაბირების სურვილი ისეთმა კლუბებმა გამოთქვეს, როგორებიც არიან – „ტორინო“, „სასუოლო“, „უდინეზე“, „ზალცბურგი“ და „გენტი“. თუმცა, ამ გუნდებში კარიერის გაგრძელებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ უარი განაცხადა.
საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ, „რუბინმა“ საახალწლო ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც კვარაცხელია იუვენტუსის მაისურით არის ნაჩვენები.





