როლან გაროსის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, ქალთა შორის კი ორი ქართველი მეჩოგნე მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე მოსინჯავენ ძალებს.
გორგოძეც და ბოლქვაძეც საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეეცდებიან ელიტაში გასვლას და იმედია წარმატებითაც.
მარიამ ბოლქვაძის სასტარტო მეტოქე კატერინა ბონდარენკო იქნება. გამოცდილი უკრაინელი ჩოგბურთელი 2009 წელს მსოფლიოს მე-9 ჩოგანი იყო და კარიერის მანძილზე ორი ტიტულიც მოუგია. ამჟამად, 34 წლის ბონდარენკო რეიტინგის 225-ე ნომერია.
ეკატერინე გორგოძეს კი წილისყრამ მოწინააღმდეგედ რენატა ზარაზუა არგუნა. მექსიკელი ჩოგბურთელი კლასიფიკაციაში 141-ე პოზიციაზეა.





