საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე უგუნდოდაა. თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის „ბაბლის“ შემდეგ, ქართველი კალათბურთელი ესპანეთში კი დაბრუნდა, მაგრამ მის გუნდს „გრან კანარიას“ მალევე დაემშვიდობა.
ირკვევა, რომ ბურჯანაძის გუნდიდან წამოსვლის მიზეზი რაიმე კონფლიქტი ან უთანხმოება არ ყოფილა. მან „გრან კანარიას“ დატოვება პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა. ამი ინფორმაციას, აწ უკვე ბექა ბურჯაბაძის ყოფილი გუნდიც ადასტურებს.
„ბექა ბურჯანაძესთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მან წასვლა პირადი მიზეზების საფუძველზე გადაწყვიტა. გუნდი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და უსურვებს წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მომავალ კარიერაში“ – ნათქვამია „გრან კანარიას“ ოფიციალურ განცხადებაში.
„ბექა ბურჯანაძე ნამდვილი პროფესიონალია. მან წასვლა პირადი მიზეზების გამო მოითხოვა. სურს სამშობლოში დაბრუნდეს, ოჯახთან ერთად იყოს და თან ძალები აღიდგინოს, რათა საუკეთესო ფორმაში შევიდეს. მომდევნო წელი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება“ – ეს უკვე „გრან-კანარიას“ მწვრთნელის პორფირიო ფისაკას სიტყვებია.
იმედია, ბექა ბურჯანაძე ახალ ნავსაყუდელს მალე იპოვნის, რაც მისთვისაც და საქართველოს ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია.





