უიმბლდონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მანამდე კი ჩოგბურთელები ბალახის საფარზე სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებში ცდიან ბედს. ერთ-ერთი ასეთი კი ლონდონის Queen’s Club-ის საჩოგბურთო შეჯიბრია, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის მილიონნახევარი ევროა და 500-იანი კატეგორიის ტურნირს განეკუთვნება.
Queen’s Club-ის ტურნირის ტრიუმფატორი მატეო ბერეტინი გახდა და ისტორიაც გაიმეორა. იტალიელ ჩოგბურთელს აღნიშნულ ტურნირზე აქამდე არასოდეს ეასპარეზა და იქ ეს მისი პირველი მონაწილეობა გახლდათ. ბერეტინიმაც ეს პრესტიჟული ტურნირი პირველივე ცდაზე მოიგო და ამით ბორის ბეკერის შედეგი გაიმეორა, რომელიც ლეგენდარულმა გერმანელმა მეჩოგნემ 36 წლის წინ დააფიქსირა.
ამას გარდა, მატეო ბერეტინი ისტორიაში სხვამხრივაც შევიდა. ის გახდა პირველი იტალიელი ჩოგბურთელი, რომელმაც Queen’s Club-ის ტურნირი მოიგო.
მატეო ბერეტინიმ, რომელიც რეიტინგის მე-9 ნომერია ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორს დაძაბულ თრილერში – 6:4, 6:7, 6:3 აჯობა და ჩემპიონობაც დამსახურებულად იზეიმა.





