ქართული ჩოგბურთის გულშემატკივრებისთვის 18 ოქტომბერი ისტორიული თარიღი იყო. კარიერის განმავლობაში პირველად, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასტერსის ფინალში ითამაშა.
ინდიან უელსის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 26-ე ნომერი, ამერიკელი ქამერონ ნორი იყო. ორ საათიანი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სამწუხაროდ ბრიტანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.
პირველი სეტი ნიკამ მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვა. ქართველი ჩოგბურთელი მთელი სეტის განმავლობაში დომინირებდა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა – 6:3.
ბასილაშვილს არადამაჯერებლობა მეორე სეტის ნახევრიდან დაეწყო. მეტოქის ჩაწოდებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნიკა საკუთარ ჩაწოდებებზეც ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც სეტის საბოლოო ანგარიშზეც აისახა, ამჯერად ნორის სასარგებლოდ – 6:4.
რაც შეეხება გადამწყვეტ სეტს, აქ ნიკასგან უფრო მეტს მოველოდით, თუმცა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთლი მცირე ტრავმამაც შეაწუხა და ამას ბრიტანელი სპორტსმენის უშეცდომო თამაშიც დაემატა. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი სეტი შეიძლება ითქვას, რომ ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:1 დაამარცხა.
სამწუხაროდ, მასტერსის პირველი ფინალი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ნიკას გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. ბასილაშვილმა ხომ ისეთი ჩოგბურთელი დაამარცხა, როგორიცაა სტეფანოს ციციპასი.








