გადაწყვეტილი ამბავია. იულიან ნაგელსმანი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელია. ოფიციალურად, 33 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი რეკორდმაისტერში მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 1 ივლისიდან შეუდგება.
მანამდე კი ნაგელსმანს „ლაიპციგში“ აქვს საქმე ბოლომდე მისაყვანი. მან მისი ამჟამინდელი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში უნდა გაიყვანოს და მიუნხენშიც ამის შემდეგ ვალმოხდილი გაეშურება. შეგახსენებთ, „ლაიპციგი“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 64 ქულით მეორე ადგილზეა.
„ბაიერნის ახალი მთავარი მწვრთნელი 33 წლის იულიან ნაგელსმანი გახდება. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ის ბავარიაშია დაბადებული და ჩვენ გუნდსაც მომავალი სეზონის დასაწყისში, 1 ივლისს შეუერთდება. ნაგელსმანთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა“ – ნათქვამია მიუნხენური გრანდის ოფიციალურ განცხადებაში.
იულიან ნაგელსმანს „ლაიპფიგთან“ ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურებოდა. მანამდე ის „ჰოფენჰაიმის“ დამრიგებელი იყო.








