ეროვნული ლიგის მერვე ტურში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ბათუმის „დინამომ“. წყალტუბოს „სამგურალთან“ დაპირისპირებაში ზღვისპირელები ბუნებრივია ისედაც ფავორიტებად ითვლებოდნენ და მათაც გაცემული ავანსები გაამართლეს.
გია გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქე აუღელვებლად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე 2:0 დაამარცხეს. ბათუმელთა უპირატესობა აშკარა იყო და ანგარიშში სხვაობაც უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი მაინც 3 ქულის მოპოვება გახლდათ.
ბათუმელთაგან თითო-თითო გოლი პირველ და მეორე ტაიმში გიორგი ფანცულაიამ და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინეს.
ბათუმის „დინამო“ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და თბილისის „დინამოს“ კვალში უდგას.
მომდევნო მატჩს აჭარული გუნდი 17 აპრილს გორში „დილასთან“ გამართავს.








