ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “დინამო ბათუმი” “საბურთალოს” დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.
ბათუმელები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ. ჯოვინომ თბილისელთა შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბრაზილიელმა გოშაძეს ბურთი თავზე გადაუგდო და ბათუმის დინამო წინ გაიყვანა.
პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ბევრი ნამდვილად არ შექმნილა, “დინამო ბათუმი” მშვიდად აკონტროლებდა თამაშს.
მეორე ტაიმიც სწრაფი გოლით დაიწყო მარცხენა ფლანგზე იური ტაბატაძემ და ლაშა კოხრეიძემ ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, შეტევა ტაბატაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ეროვნულ ლიგაში ბათუმის “დინამოს” 47 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. “საბურთალო” კი 36 ქულით მე-4 და მე-5 ადგილებს “ლოკომოტივთან” ერთად იყოფს. ბათუმის “დინამო” შემდეგ ტურში 16 სექტემბერს, თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს, საბურთალო კი 15 სექტემბერს შინ “თელავს” დაუპირისპირდება.





