საქართველოს ეროვნულ ლიგაში, მე-16 ტურის გადადებული ორი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთ-ერთში, ჩემპიონობის მაძიებელმა დინამო ბათუმმა ტორპედოს წინააღმდეგ გასვლაზე ითამაშა და მეტოქეს მინიმალური უპირატესობით 2:1 სძლია.
გია გეგუჩაძის შეგირდებმა რამაზ შენგელიაზე ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-11 წუთზე ვაგნერ გონსალვესის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გოდფრი ობოანობამ თავით მასპინძელთა კარში ზუსტად გადაგზავნა.
რამდენიმე წუთში ტორპედოს საჯარიმოში გიორგი ნიქაბაძე წააქციეს, 11-მეტრიანი კი მათე ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.
ვლადიმირ ხაჩიძის შეგირდება ტაიმის მიწურულს ანგარიშის შემცირება მოახერხეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყოფილმა დინამოელმა, გურამ ადამაძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. გატანის კარგი შანსი მოედანზე შეცვლაზე შესულ ვლადიმერ დვალიშვილს ჰქონდა. ბათუმელთა თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
ბოლო ტურში, 10 დეკემბერს, დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს, ტორპედო კი, რომელსაც ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს პლეი აუტში თამაში, სტუმრად თელავს დაუპირისპირდება.





