ეროვნული ლიგის 36-ე ტურის მატჩი ბათუმის “დინამოს” და გორის “დილას” შორის ფრედ 2:2 დასრულდა. ბათუმის ულამაზეს სტადიონზე 7-ათასამდე შეკრებილი გულშემატკივარი ფეხზე წამომდგარი მიესალმა გუნდს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემა “სპორტი იმედზე” “დინამო ბათუმის” საფეხბურთო აკადემიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
არჩილ ბერიძის განცხადებით, 2022 წელს ბავშვთა აკადემიას დიდ ყურადღებას დაუთმობენ.
“სამწუხაროდ, აკადემიას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ და უფრო მეტად მთავარ გუნდზე ვიყავით გადართულები მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ 2022 წელს აკადემიის წლად გამოვაცხადებთ და მაქსიმალურად გადავერთვებით ჩვენც და გია გეგუჩაძეც. საერთოდ, ორი მეთოდია ახალი კლუბის შექმნის დროს, ბავშვთა აკადემიით ან დიდი გუნდით დაწყება. არ ვნანობთ, რომ ეს გზა ავირჩიეთ, რადგან დღევანდელი ბათუმის “დინამო” ბავშვებს ძალიან დიდ მოტივაციას მატებს. ყველა ნახავდით გოგო-ბიჭებს თამაშის მერე როგორ ელოდებოდნენ ფეხბურთელებს და ამაზე მეტი გასახარებელი რა არის. მომდევნო წელს სამშენებლო კომპლექსი სრულად დასრულდება და ადგილობრივ ბავშვებს ჩვენთან ყველა პირობა ექნებათ ფეხბურთის სათამაშოდ. ბოდიშს ვუხდი იმ თაობას, რომელსაც ჩვენ ვერ მივუსწარით, რადგან უფრო ადრე არ შემოვედით ქართულ ფეხბურთში”, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.





