შოთა არველაძემ აზერბაიჯანულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც “დინამო” თბილისისა და ბაქოს “ნეფთჩის” მომავალ დაპირისპირებაზე ესაუბრა.
საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხდებიან. 7 ივლისს კახა ცხადაძის გუნდი მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს, 14-ში კი ბაქოში ეწვევა.
“პირველ რიგში, სანახაობრივ თამაშს ველოდები. ვფიქრობ, ორივე გუნდი გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს. იმედი მაქვს, საინტერესო შეხვედრის მომსწრე გავხდებით. ვნახე დინამო თბილისის ბოლო მატჩი შინ დინამო ბათუმთან, რომელიც ანგარიშით 1:2 დათმო. დღეს ნეფთჩი უფრო ძლიერად გამოიყურება. ეს შესაძლოა უპირატესობა იყოს აზერბაიჯანული გუნდისთვის, თუმცა ფეხბურთში წინასწარ თქმა, რა მოხდება, შეუძლებელია.
ვიცნობ დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტია. არ მგონია, რომ ცხადაძის აზერბაიჯანში მუშაობის გამოცდილება დინამოს უპირატესობას აძლევდეს. ეს ახალი თამაში, ახალი რეალობაა. ნეფთჩიში ახალი ფეხბურთელები გამოდიან. ცხადაძე მეტოქის მთავარ მწვრთნელს კარგად იცნობს და იცის მისი შესაძლებლობები. ამ კუთხით, შესაძლოა რაღაც მომენტში იყოს სიურპრიზები, მაგრამ მთლიანობაში დიდი დროა გასული. შანსები პრაქტიკულად თანაბარია”, – ამბობს შოთა არველაძე.





