ვფიქრობთ, ფეხბურთისადმი ინდეფერენტულად დამოკიდებულმა ადამიანმაც კი იცის და სმენია „მარაკანას“ შესახებ. უნიკალურ სტადიონი რიო დე ჟანეიროში, სადაც არაერთი ცხელი საფეხბურთო ბატალიები გამართულა.
„მარაკანა“ გამოირჩევა ტევადობითაც და არქიტექტურულადაც. ერთხელ თუ მაინც მოხვდებით ამ ულამაზეს ქალაქში, იქიდან „მარაკანას“ დათვალიერების გარეშე წამოსვლა დანაშაულის ტოლფასია.
მარტის თვეში, ბრაზილიის ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა სტადიონისთვის სახელის გადარქმევა. მთავრობას სურდა არენა პელეს სახელობის გაეხადა.
„მეფე პელეს სტადიონი“ – ეს იქნებოდა არენის დასახელება, თუმცა გეგმა ჩაიშალა. შტატის გუბერნატორმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო. მიზეზი კი რიოს მოსახლეობის პროტესტი გახლდათ. ხალხმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა და არ სურთ თავიანთი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას იმ ფეხბურთელის სახელი ეწოდოს, რომელსაც რიო დე ჟანეიროს გუნდში არასოდეს უთამაშია.
ამ იდეის სასტიკი მოწინააღმდეგეა გერსონიც – სამოცდაათიანი წლების ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი წევრი, რომელიც პელესთან ერთად 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
პელეს, რომელსაც შარშან 80 წელი შეუსრულდა რიოს გუნდში მართლაც არასოდეს უგორებია ბურთი, მაგრამ „მარაკანაზე“ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად არაერთხელ უთამაშია, ხოლო 1969 წელს ამ სტადიონზე „სანტოსის“ შემადგენლობაში კარიერაში თავისი მე-1000 გოლი გაიტანა.







