ოთხშაბათს, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მატჩი ელის. ჩვენი გოგონების მეტოქე კვლავ „როზენგარდი“ იქნება, რომელთანაც „ლანჩხუთმა“ პირველი მატჩი 0:7 დათმო.
ბუნებრივია, მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ტურნირზე თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს, ჩვენი გოგონები კი ამ ეტაპზე პირველად ასპარეზობენ, რაც გამოცდილების მიღების მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როგორც არ უნდა დასრულდეს მატჩი, ლანჩხუთელი გოგონები უდაოდ გმირებად დარჩებიან, რადგან მათ ამ წარმატებაში სული და გული ჩადეს. სწორედ ასეთი შემართებით ელოდებიან ისინი მოახლოებულ შეხვედრას, რაც მათ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ნათლად ჩანს:
„შესაძლებლობების ზღვარზე.
არ არსებობს ღირსეული წაგება. არსებობს ბოლომდე ბრძოლა. განმეორებითი მატჩისთვის ჩვენ მხოლოდ ამას გპირდებით, როგორც ყოველთვის! წინასწარ გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!“ – ნათქვამია „ლანჩხუთის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.








