უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ შეფერინმა იმ 12 კლუბთან კონფლიქტის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სუპერლიგის დამფუძნებლები არიან.
– შესაძლებელია სუპერლიგის პროექტის დაკავშირება კლუბების სურვილთან, რომ მიიღონ დახმარება უეფასგან?
– Covid პანდემიის გამო, დიდი კლუბები უეფას დახმარებას ელოდებოდნენ, თუმცა ციფრებზე არ ვისაუბრებ. სუპერლიგის იდეა კოვიდზე ბევრად უფრო ადრე იყო. ეს ამბავი პერესის და ანიელის გონებაში მრავალი წლის განმავლობაში იხარშებოდა. მათ შეეძლოთ ამის განხილვა ჩვენთან. ჩვენ დასახმარებლად მზად ვიყავით. გენერალური მდივანი თეოდორიდისი მზად იყო განეხილა ყველაფერი. თუმცა მათ თქვეს: ჩვენ დაველოდებით და შემდეგ კვირას განვიხილავთ ყველაფერს.
ჩვენ დავეხმარებით კლუბებს, რომლებიც აქ არიან. ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ დახმარებაზე ან კოდზე, ლაპარაკი ზოგიერთების სიხარბეზე, ეგოიზმზე და ნარცისულობაზეა. მეტი არაფერი.
– ახლა შეგიძლიათ ფეხბურთში ვინმეს ენდო? საერთოდ ენდო ფეხბურთს?
– როგორც ვთქვი, იურისტად ვმუშაობდი, სისხლის სამართლის საქმით ვიყავი დაკავებული, სხვადასხვა სიტუაციის წინაშე ვდგებოდი, ძალიან უცნაური ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა. მაგრამ ბევრი კარგი შეხვედრა იყო. ბევრ ადამიანს ვენდობი. მაგალითად, საფრანგეთის, გერმანიის ლიგები. მათ უარი თქვეს ამ შეთავაზებაზე. მე ბევრი მეგობარი მყავს.
მათ [რომლებიც სუპერლიგაში გაწევრიანდნენ] თამაში არ აინტერესებთ. ზოგიერთი კლუბის მეპატრონე არ ათვალიერებს ტაბლოზე მოცემულ ქულას – მხოლოდ თანხებს. უცნაური სამყაროა, მაგრამ ჩემთვის საინტერესო თავგადასავალია. მასში შევხვდი დიდ მატყუარებსა და ბევრ კარგ ხალხს.
– სუპერლიგამ უკვე გაგზავნა დოკუმენტები უეფას წინააღმდეგ? რა რეაქციას ელით ევროკომისიისგან?
– ძალიან დიდ დროს და ყურადღებას არ დავუთმობდი ფანტომური ორგანიზაციების პრესრელიზებს. ვნახოთ რას იზამენ ჩვენ უნდა შევხვდეთ და განვიხილოთ შესაძლო გადაწყვეტილებები ევროკომისიასთან. მაგრამ მათი პოზიცია აშკარაა: ფეხბურთი ყველასთვის არის, ისინი არასდროს დაუშვებენ დახურულ შეჯიბრს. სხვას ვერაფერს ვიტყვი, დასკვნებისთვის ჯერ ადრეა. ჩვენი ტურნირი ღიაა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ გუნდს შეუძლია მიიღოს, ხოლო ის დახურულია. მათი შედარება შეუძლებელია.
– სუპერლიგამ თქვა, რომ თქვენთან შეთანხმება სურს. კომუნიკაცია გქონდათ?
– ჩვენ ე.წ სუპერლიგასთან კომუნიკაცია არ გვაქვს. მათ გამოგვიგზავნეს დოკუმენტი, რომელსაც აწერია “სასწრაფო”. მაგრამ არ მგონია, რომ ეს სასწრაფოა. არც კი ვიცი, ვინ მოაწერა ხელი საჩივარს – იქ სახელი არ იყო. ალბათ ეს ვინმე სუპერპერსონამ გააკეთა. ჩვენ ვსაუბრობთ კლუბების ნამდვილ ასოციაცია ECA-სთან. შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტი და პრესკონფერენცია მქონდა.
მე არ მითქვამს, რომ მათ არ შეუძლიათ UEFA-ში მისვლა, რომ ისინი სამუდამოდ მოიკვეთებიან. მაგრამ მათ არასწორი მოქმედება აირჩიეს. ეს ყველამ ვიცით. ჩვენ კონსულტაციები 247 კლუბთან, ლიგებთან, ეროვნულ ასოციაციებთან გვქონდა.
ახლა სუპერლიგის შემქმნელი კლუბებისგან, საკმარის პატივისცემას ინსტიტუტებისა და სხვა კლუბების მიმართ ვერ ვხედავ. ორგანიზაციის პრეზიდენტი, რომელიც 247 კლუბის ინტერესს იცავს (ანდრეა ანიელი), იქიდან უბრალოდ გაიქცა – ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. არ მინდა რაიმე პირადი კონფლიქტი, მაგრამ მიკვირს, რომ ხალხს ამაზე წასვლა შეუძლია. როგორც ვთქვი: მოგესალმებით ფანტასტიკურ პროექტში.
რაც შეეხება მაუწყებლებს, ვფიქრობ, მათ ესმით სიტუაცია. ჩვენ უკვე ვცადეთ ასეთი პროექტის განხორციელება, მაგრამ ვერ მოხერხდა. თქვენ არ უნდა ჩადოთ ინვესტიცია ასეთ ტურნირში.





