ქართული ფეხბურთის შავი ნოემბრის შემდეგ, გულშემატკივარი უკვე მერამდენედ იმედით აღივსო და მზერა ციურიხისკენ მიაპყრო, სადაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ეროვნული გუნდის მეტოქეებიც გაირკვა.
საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში იყო, რაც იმთავითვე გამორიცხავდა ჩვენ ჯგუფში ბოსნიის, სლოვენიის, მონტენეგროს, ჩრდ. მაკედონიის, ბულგარეთის, ალბანეთის, ისრაელის, ბელარუსის და ლუქსემბურგის მოხვედრას.
დანარჩენი კი ახლო წარსულში გამოჩენილი ფეხბურთელების დანიელე დე როსის და რაფაელ ვან დერვაარტის ხელებზე და იღბალზე იყო დამოკიდებული.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებს წილისყრამ 5 გუნდიანი B ჯგუფი არგუნა. ჯვაროსნების მეტოქეები იქნებიან – ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო.
შესარჩევი მატჩები გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გავლენ, ხოლო მეორე ადგილოსნები ერთა ლიგის ორ საუკეთესო გუნდთან ერთად ფლეიოფში 6 წყვილს შექმნიან და იქ მოგებულები 3 საუკეთესოს გაარკვევენ, რომლებიც ყატარში გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არა ზაფხულში, არამედ ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.