რამდენიმე დღის წინ, საფეხბურთო კლუბმა „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა „საბურთალოს“ ახალგაზრდა ქართველი მცველის გიორგი ჯინჯოლავას ტრანსფერი. ბუნებრივია, სიახლე ნებისმიერ გულშემატკივარს გაუხარდებოდა, რადგან ესპანეთის ლა ლიგაში ქართველი ფეხბურთელების ხილვით განებივრებულები არ ვართ.
დღესდღეობით, ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, რომელიც „ლევანტეს“ ღირსებას იცავს. დიდი შანსია, რომ მას მომავალი სეზონიდან გიორგი ჯინჯოლავაც შეემატოს.
21 წლის ფეხბურთელი თავდაპირველად „კადისის“ მეორე გუნდში ჩაირიცხება, თუმცა როგორც თვითონ გვეუბნება ძირითად გუნდში მოსახვედრად თავდაუზოგავად იშრომებს.
– ყველანი ძალიანაა გახარებული თქვენი კადისში გადასვლით. ტრანსფერის დეტალებზე რომ გვესაუბრო.
– ჩემი მენეჯერის, ანტონიო ლოპესის და ლევან სარალიძის მეშვეობით შედგა პირდაპირი კონტაქტი ჩემსა და „კადისს“ შორის. ისინი თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში მაკვირდებოდნენ, ამის შემდეგ კი შედგა შეთანხმება ერთწლიანი იჯარის სახით.
– როგორც ვიცით მეორე გუნდში იწყებ დაწინაურების პერსპექტივით.
– კი მეორე გუნდია და ასევე პირველ გუნდთანაც მექნება შეხება.
– პირველად, რომ გაიგე კადისში გადადიოდი, იმ ემოციებზე, რომ გვესაუბრო
– თავისთავად გამიხარდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი.
– როგორ დაახასიათებდი შენს მომავალ კლუბს?
– როგორც იცით ლა ლიგის გუნდია და მათი მოთხოვნებიც გაცილებით მეტია, მიუხედავად ამისა მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის.
– სხვა შემოთავაზებები თუ გქონდა და რატომ გადაწყვიტე „კადისში“ გადასვლა?
– იყო რაღაც შემოთავაზებებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო „კადისის“ ვარიანტი იყო.
– როგორ ფიქრობ, რა არის შენი ძლიერი მხარე?
– რაც შეეხება ძლიერ მხარეს ვფიქრობ ძალიან შრომისმოყვარე ვარ, რაც მნიშვნელოვანი ჩემი პროფესიისთვის.
– ესპანეთში როდის მიემგზავრები?
-15 ივლისს უკვე კლუბთან ერთად უნდა ვიყო.
– ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშია?
– კი, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობდი.
– როგორ შეაფასებდი ნაკრების ბოლო თამაშებს?
-რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს, ვფიქრობ საქართველომ კარგად წამროაჩინა თავი, ამის მიუხედავად არ გაგვიმართლა. ძალიან დასანანი მარცხი იყო როგორც ესპანეთთან, ისე შვედეთთან.
– შენს პოზიციაზე ვინ მიგაჩნია საუკეთესოდ
– ალბათ, სერხიო რამოსი მიმაჩნია.
– შენს წლევანდელ სეზონზე, რომ გააკეთო კომენტარი
– დადებითად, რადგან გუნდი ჯერ კიდევ სამეულშია და პირველობისთვის იბრძვის.
– საბურთალოს რას ეტყოდი?
– საბურთალოს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და წამრატებებს ვუსურვებ ამ სეზონში.
-შენი ოცნების გუნდი?
-მანჩესტერ იუნაიტედი.
– რა არის შენი მიზანი?
– ეროვნულ ნაკრებსა და ასევე ლა ლიგაში თამაში.
– და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატს როგორ შეაფასებდი და შენი აზრით ვინ გახდება ჩემპიონი?
– ვფიქრობ ჩემპიონობას იტალია იმსახურებს.





