ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში იმყოფება და მატჩისთვის ადგილიდან ემზადება.
ვილი სანიოლის გუნდმა გუშინ ენსხედეს სტადიონზე ივარჯიშა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი ნაკრების მცველმა, გურამ გიორბელიძემ მოსამზადებელ ეტაპზე და მეტოქეზე მცირე კომენტარი გააკეთა:
„კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ“, – განაცხადა გიორბელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.





