რამდენიმე დღის წინ „პრაიმ სპორტი“ გიყვებოდათ ახალგაზრდა პერსპექტიულ მწვრთნელზე, ჯაბა ლეშკაშელზე, რომელიც სამუშაოდ ესპანეთში მოქმედ „ვილიარეალის“ აკადემიაში მიიწვიეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამის გამო ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით.
21 წლის ჯაბა ლეშკაშელი ნამდვილად პერსპექტიული ქართველი მწვრთნელია და ნამდვილად იმუშავებს „ვილიარეალის“ აკადემიაში, ოღონდ არა ესპანეთში, არამედ საქართველოში, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება.
დეტალების დასაზუსტებლად „პრაიმ სპორტი“ „ვილიარეალ საქართველოს“ სკაუტთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, გეგი კიკაბიძეს დაუკავშირდა:
– პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ „პრაიმ სპორტის“ სახით ციფრულ მედიაში კიდევ ერთი საინტერესო სპორტული პლატფორმა არსებობს და მინდა წარმატება გისურვოთ! რაც შეეხება თქვენს საიტზე გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს ჩვენს აკადემიაში დასასაქმებელი ახალგაზრდა მწვრთნელი, ჯაბა ლეშკაშელი სამუშაოდ ესპანეთში, „ვილიარეალის“ აკადემიაში მიდიოდეს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ზოგადად, „ვილიარეალის“ ქართული ფილიალის გახსნა სწორედ რომ ადგილობრივი ფეხბურთელების, მწვრთნელების და მენეჯერების ესპანურ ფეხბურთთან ინტეგრირებას ითვალისწინებს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩვენს აკადემიაში მომუშავე მწვრთნელები და მოთამაშეები თავის წარმოჩენის მიხედვით ყოველწლიურად მოხვდებიან „ვილიარეალში“ სტაჟირებასა თუ სინჯებზე, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელიმე ქართველი სპეციალისტის სამუშაოდ გაგზავნა ესპანურ მხარესთან არც განხილულა და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. სავარაუდოდ საქმე გვაქვს ინფორმაციის არასწორად აღქმასთან და სწორედ აქედან გამომდინარე მიწევს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.
– გეგი, დღეის მდგომარეობით რა ეტაპზეა აკადემიის ფუნქციონირება, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და რას პირდებით აკადემიაში მოსულ ფეხბურთელებს?
– რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და განაცხადები უკვე 125-ზე მეტმა ბავშვმა შეავსო. ფაქტობრივად, დასრულდა მწვრთნელთა შერჩევის პროცესიც და ყოველ ასაკობრივ ჯგუფს ეყოლება კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მწვრთნელები, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების სწორ გზაზე დაყენებისთვის თავდაუზოგავად იმუშავებენ. არ მინდა მოვლენებს წინასწარ გავუსწრო, მაგრამ ესპანურ მხარესთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა ფეხბურთის თამაშთან ერთად ჩვენი დახმარებით განათლების მიღების მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან, იქნება ეს ესპანური ენის შესწავლა თუ სხვა. მოკლედ, „ვილიარეალის“ აკადემიის ქართული წარმომადგენლობა მუშაობის აქტიურ ფაზაშია და ყოველი სიახლის შესახებ, აუცილებლად შეიტყობს ქართული საზოგადოება. ერთი რამ, რაც მინდა ყველა მშობელმა იცოდეს: ბავშვები, რომლებიც ჩვენს აკადემიაში მოვლენ, აუცილებლად იქნებიან სანდო, საიმედო და პროფესიონალი ხალხის „ხელში“, ყოველი დღით ისიამოვნებენ და ფეხბურთს იმაზე მეტად შეიყვარებენ, ვიდრე დღეს უყვართ.
– რა მეთოდებით მოუწევთ ბავშვებს ვარჯიში და როგორია სამომავლო გეგმები?
– რაც შეეხება ქართულ-ესპანურ ურთიერთობებს, ეს მოიცავს ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების ესპანური მეთოდოლოგიით ვარჯიშს, მათი მითითებების ზედმიწევნით შესრულებას და მუდმივ კომუნიკაციას როგორც სავარჯიშო, ასევე სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ სხვადასხვა მიმართულებით. „ვილიარეალის“ ქართული აკადემია ჩვენს ქვეყანაში ესპანური კლუბის სრულუფლებიანი და ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ. ამ აკადემიის საქართველოში ჩამოყალიბების მთავარი მიზანი ესპანურ კლუბთან საქმიანი ხიდის აგებაა, რომლის გავლითაც იმედი გვაქვს, რომ მომავალში ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში მინიმუმ ერთ ქართველ მოთამაშეს მაინც ვიხილავთ.
როგორც უკვე გითხარით, საქართველოში არსებული „ვილიარეალის“ აკადემია სრულფასოვან ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, აკადემიაში რეგისტრაციის მსურველებს კი განაცხადის შევსება ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ – VillarrealGeorgia.com








