ის, რომ სერხიო აგუერო სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს ორიოდე დღის წინ გახდა ცნობილი. ამ ინფორმაციამ მსოფლიო პრესის ფურცლები თუ გამოცემები მოიარა, რაც თავად არგენტინელმა ფორვარდმაც დაადასტურა.
მოკლედ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ აგუერო სულ მალე „ქალაქელი“ აღარ იქნება, მაგრამ როგორი იქნება მისი მომავალი ჯერ ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, არგენტინელ ფეხბურთელს კიდევ აქვს იმის ამბიცია, რომ ევროპაში დარჩეს და რომელიმე გრანდს მიაშუროს. ყველაზე ხშირად „ბარსელონას“ ვარიანტი სახელდება და როგორც რამდენიმე პოპულარულმა სააგენტომ აღნიშნა, „ბლაუგრანაში“ გადასვლის წინააღმდეგი არც თავად კუნია.
აგუეროს კი უნდა, მაგრამ რონალდ კუმანს არ სურს. კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი უპირატესობას მემფის დეპაის ანიჭებს. ჰოლანდიელი შემტევიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და კუმანსაც სჯერა, რომ მისი თანამემამულე „ბარსელონას“ გაცილებით უკეთ შეეწყობა, ვიდრე აგუერო. დეპაიში კუმანს ის ხიბლავს, რომ მას სხვადასხვა პოზიციაზე თამაში თანაბრად კარგად შეუძლია.
ინგლისური მედია იმასაც წერს, რომ სერხიო აგუეროს რამდენიმე ინგლისური გუნდიც ეპატიჟება, თუმცა თავად არგენტინელ ფეხბურთელს პრემიელიგაში დარჩენის პერსპექტივა აღარ ხიბლავს.








