19 წლის ქართველი ტალანტის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ხვიჩა კვარაცხელიას ხან რომელ ევროპულ გრანდს უკავშირებენ და ხან რომელს. ჩამონათვალი მართლაც თვალსაჩინოა.
ახლახანს, ქართველმა საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა ისიც კი თქვა, კვარაცხელია რომელიმე ტოპ ევროპულ გუნდში შესაძლოა წუთი-წუთზეც კი გადავიდესო.
ნახსენები გუნდებიდან თითქოს ყველაზე რეალური „ნაპოლის“ ვარიანტი იყო. სატრანსფერო თანხაც კი დასახელდა – 25 მილიონი ევრო, რაზეც „რუბინის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხელეფის ფშვნეტა დაიწყო, მშვენიერი ფულიაო.
ხვიჩა კვარაცხელიაზე ამჯერად კომენტარს ყაზანური გუნდის სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აკეთებს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ხოტბას ასხამს.
„ჩვენი გუნდისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელი ჰყავს და მის კიდევ უფრო წინსვლა-დაოსტატებაში წვლილი შეაქვს. ხვიჩა აუცილებლად იმსახურებს ტოპ კლუბში თამაშს, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. აჩქარებით ბევრი საქმე გაფუჭებულა.
კვარაცხელია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა. ის დიდ ფეხბურთს ახლა უღებს ალღოს. მას ლიდერული თვისებები კი აქვს, მაგრამ ფეხბურთს სხვა ბევრი ნიუანსიც ახასიათებს. როდესაც ყველაფერს კარგად აითვისებს, შემდეგ ნებისმიერ გრანდში შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს.
ახლა ევროპაში პანდემიის გამო ყველამ ვიცით რა ვითარებაც არის. საზღვრებიც რომ დაიკეტოს, ყველაფერს გავაკეთებ ის მსურველ ევროპულ გუნდში ჩემი მანქანით ჩავიყვანო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორე – ეს საჭირო დროს უნდა მოხდეს, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება“ – ამბობს „რუბინის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.





