ეზოში ხომ ფეხბურთი არა მხოლოდ ბავშვობაში, მოზრდილობის ასაკშიც არაერთხელ გვითამაშია. თავისუფალ დროს და კარგი ამინდის შემთხვევაში, უბნის მოედნებზე ბურთის გორებაზე ალბათ არც ახლა ვამბობთ უარს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მსაჯის გარეშე ხდება. თავად ვსაზღვრავთ როდის არის თამაშის წესის დარღვევა.
პროფესიონალური ფეხბურთი კი ბუნებრივია არბიტრის გარეშე წარმოუდგენელია. მსაჯები ხშირად ექცევიან ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლშიც. მათ მიმართ გულშემატკივარი, ხანდახან თავად ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც უკმაყოფილების გამოთქმას უხეში ფორმებითაც არ ერიდებიან.
ის რაც სამხრეთ სუდანში მოხდა, ნამდვილად ორიგინალურობის გამოვლინება შეგვიძლია ვუწოდოთ, რომელიც საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონის მატჩის განსასჯელად ერთ-ერთი არბიტრი ძაღლით მივიდა – მიზეზი კი აგრესიისგან თავის დაცვა იყო.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში აფრიკაში მსაჯებზე თავდასხმები გახშირდა და სამხრეთ სუდანელმა არბიტრმაც საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნა. მან სტადიონზე ძაღლი მიიყვანა, რათა გაბრაზებული გულშემატკივრებისგან თავი დაეცვა.
ადამიანის ოთხფეხა მეგობარიც 90 წუთის მანძილზე სტადიონის გვერდით ხაზს არ მოშორებია და ყურადღებით აკონტროლებდა სიტუაციას, რათა მისი პატრონი ვინმეს თავდასხმის მსხვერპლი არ გამხდარიყო. საბედნიეროდ, მატჩი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დასრულდა.






