2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სალონიკში საბერძნეთს ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, განვლილი მატჩი „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ შეაფასა:
„ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება. პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო“, – აღნიშნა აბურჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო შესარჩევი ეტაპის სამი მატჩი გამართა. 25 მარტს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთთან მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდნენ. 28 მარტს „დინამო არენაზე“ ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი 1:2 დათმო, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრებთან სტუმრად 1:1 ითამაშეს.
ქართველი ფეხბურთელები მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.








