საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვედეთს დაუპირისპირდება. 24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა სოლნას ფრენდს არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესში,რომელიც ერთი საათი გააგრძელდა 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სტოკჰოლმში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართეს.
გურამ კაშია – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი:
“კარგი მოლოდინი გვაქვს, სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რომ გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ.
ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა.
ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.“ – განაცხადა გურამმა.
შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს სოლნას ფრენდს არენაზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი: ბენუა ბასტიენი, ასისტენტები: ჰიშამ ზაქრანი და ორელიან ბარტომეუ.
შვედეთი – საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ჯგუფის პირველი ტურის კალენდარი
25 მარტი
შვედეთი – საქართველო
ესპანეთი – საბერძნეთი








