წყალტუბოს „სამგურალი“ ისევ მოუგებელია, თუმცა ეროვნული ლიგის დებიუტანტმა თავიდან კარგად დაიწყო და ზედიზედ 3 თამაში არ წააგო. მართალია, წყალტობოელებმა ვერც მოიგეს, თუმცა საპატიო ფრეები კი გააგორეს.
წინა ტურში სახლში გორის „დილასთან“ წაგებას, „სამგურალმა“ მიჯრით მეორე მარცხიც მიაყოლა. ამჯერად უკვე სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“. ზღვისპირელები მატჩის ნომინალურ მასპინძლად ითვლებოდნენ, რადგან საშინაო მატჩებს ზესტაფონში თამაშობენ.
„შუქურამ“ ურიგო შთაბეჭდილება არც წინა ტურში დატოვა, სადაც მართალია თბილისის „ლოკომოტივთან“ კი დამარცხდნენ, თუმცა ბრძოლაში. ენა ვერავის მოუბრუნდება თქვას, ქობულეთელებმა დღევანდელ დაპირისპირებაში მოგება არ დაიმსახურესო.
მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში მიხეილ სარდალიშვილმა გახსნა. „სამგურალს“ ქვა აღმართში დაეწია და არბიტრმა 90-ე წუთზე ნიგერიელი ლეგიონერი ლუკმან გილმორეც გაუძევა, ხოლო პენალტი გიორგი ჩელებაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:0.





