ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, მითუფრო თუ თბილისის „დინამო“ გქვია ასე არ უნდა თამაშობდეს. ამას რომ ვამბობთ, სულაც არ ვაკნინებთ მის მოწინააღმდეგე „ბათუმს“, რომელიც საქართველოს მასშტაბით უდავოდ გამორჩეული გუნდია და წინა სეზონში ტრიუმფამდე სულაც ხელის გაწვდენაზე იყო.
უბრალოდ, იმას ავღნიშნავთ, რომ 90 წუთის მანძილზე მინიმუმ ერთხელ კარში მაინც უნდა დაარტყა. „დინამომ“ კი, რომელიც საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქეს მთავარი მწვრთნელის გიორგი ნემსაძის გარეშე დაუხვდა ლაზარე კუპატაძე ერთხელაც ვერ აანერვიულა. ბათუმელთა კარის დარაჯს საქმე პრაქტიკულად არ ჰქონია.
იმასაც ვერ ვიტყვით „დინამო“ წინა სეზონის შემდეგ ისე დასუსტდა სულს ღაფავს და აკადემიის ბავშვებით უწევს თამაშიო. პირიქით, რამდენიმე ლეგიონერიც დაიმატა. წაგებით ვის არ წაუგია, მაგრამ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ქომაგები თავისი საყვარელი გუნდის მსგავს უსუსურ გარჯას ალბათ ნამდვილად არ ელოდნენ.
მატჩის დაწვრილებით აღწერას ალბათ აზრი არ აქვს, რადგან განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა და თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა უდავოდ გია გეგუჩაძის შეგირდები. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომელიც ბათუმელთა რიგებში მეორე ტაიმში გამოჩნდა.
ერთადერთი გატანილი გოლი კი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა. მასპინძელთა უყურადღებობით ბათუმელთა ფეხბურთელმა გიული მანჯგალაძემ ისარგებლა და 66-ე წუთზე შორეული დარტყმით ბურთი როინ კვასხვაძის კარში ე.წ. „ცხრიანში“ ჩააჭედა.
ამრიგად, 3 ტურის შემდეგ თბილისის „დინამომ“ პირველი მარცხი იწვნია, ხოლო ბათუმელები წაუგებელნი არიან.





