რიგით 31-ე ეროვნული ჩემპიონატი ძალიან მძიმედ დაიწყო საფეხბურთო გუნდმა „სამტრედიამ“, რომელიც რამდენიმე წლის წინ სულაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მაშინ, სამტრედიელებს გია ცეცაძე წრთვნიდა, რომელიც გუნდში ისევ დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
„სამტრედია“, თელავში და გორში წაგებების შემდეგ, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ამჯერად „ქობულეთის“ „შუქურასთან“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა. მატჩი ზესტაფონში გაიმართა, რადგან ქობულეთის სტადიონს რეკონტრუქცია უტარდება.
რაც შეეხება „შუქურას“, წინა ტურში „ბათუმთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ თავდაჯერებულობა შეემატათ და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩის ერთადერთი გოლი სამტრედიელთა კარში 77-ე წუთზე „შუქურას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა.





