ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი უგოლო ფრე დაფიქსირდა. ეს მეორე ტურის მატჩში მოხდა, სადაც ერთმანეთს წყალტუბოს „სამგურალი“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდნენ.
ქართული ფეხბურთის მოყვარულთ ალბათ ეცოდინებათ, რომ წყალტობოელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ და საკმაოდ ყინჩადაც. „სამგურალმა“ ჯერ თბილისში „დინამოსთან“ სტუმრად ფრე 1:1 ითამაშა, ახლა კი „საბურთალოსთანაც“ არ წააგო.
წყვილის ფავორიტად უსათუოდ „საბურთალო“ მიიჩნეოდა, რომელმაც პირველ ტურში „ლოკომოტივი“ პირწმინდად დაჩაგრა და 2:0 მოუგო. სპეციალისტები თბილისელებს დღესაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ „სამგურალმა“ მართლაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ვფიქრობთ ფრე სამართლიანი შედეგია.
მომდევნო ტურში, „საბურთალო“ 10 მარტს ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს, ხოლო „სამგურალი“ გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.





