თბილისის „დინამომ“ ახლახანს დაწყებულ ეროვნული ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ ეს სიხარული სარბენი ბილიკებიდან გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ნემსაძეს არ განუცდია, რადგა ის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა და 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს. მიზეზი პირველ ტურში წყალტუბოს „სამგურალთან“ დაპირისპირების დროს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ნემსაძის მხრიდან მსაჯზე ზედმეტად გაცხარება იყო, რის გამოც მას არბიტრმა წითელი ბარათი აუფრიალა, მოგვიანებით კი როგორც უკვე გითხარით დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
მთავარი მწვრთნელის გარეშე კი „დინამო“ მეორე ტურის მატჩის სათამაშოდ ქუთაისში ჩავიდა და „ტორპედოს“ 2:0 მოუგო. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მასპინძლები უკვე მე-15 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან „ტორპედოს“ მეკარე დინო ჰამზიჩი გააძევეს. ბოლო ხანს ქუთათურებს კარგი დროება ნამდვილად არ უდგათ და ამიტომაც წყვილის ფავორიტად „დინამო“ მიიჩნეოდა. ათი კაცით დარჩენილი მასპინძლები კი განწირულები ჩანდნენ.
ასეც მოხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „დინამომ“ მეორეში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი თორნიკე ახვლედიანმა და ტოგოელმა ლეგიონერმა სიმონ გბენონ ამოუსოუს გამოიჩინეს.
მესამე ტურში თბილისის „დინამო“ 9 მარტს ბათუმს დაუპირისპირდება.





